"ალიევის მთავრობამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას"

"აზერბაიჯანი ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა, მისი ეკონომიკა ნავთობის ფასის დაცემის გამო პრობლემებს განიცდის. ეროვნული ვალუტა - მანათი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა", - აზერბაიჯანის ეკონომიკური დაღმასვლის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, გულნარ სალიმოვა „კიევპოსტის“ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

"ილჰამ ალიევის მთავრობამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ის იღებს და აუქმებს სხვადასხვა კანონებს იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ რაღაცას აკეთებს", - აღნიშნულია სტატიაში. ჟურნალისტს მოჰყავს ეკონომიკის ექსპერტის გადირ იბრაჰიმლის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ მთავრობის ნაბიჯები არაადეკვატურია.

"საკვების ფასები გაიზარდა 50 პროცენტით, კერძო და საჯარო სექტორებში თანამშრომლების შემცირება დაიწყეს. მანათის გაუფასურების პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, დევალვაციის დაჩქარებული პროცესი კი 21 დეკემბრიდან შეინიშნება. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ახლა უკვე ძალიან ღარიბთა რიცხვში შედის", - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი. მისივე თქმით, ფასების ხელოვნურად ზრდა ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში არის მონოპოლია.

აზერბაიჯანის ბიუჯეტის 90 პროცენტზე მეტი სწორედ ნავთობით მიღებული შემოსავლებისგან შედგება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ნავთობის ფასების შემცირება ეროვნულ ვალუტას არ დააზარალებს.

"თუ ნავთობის ფასის შემცირება გაგრძელდება, მანათი არ დაზარალდება. ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. ახლა მანათი დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან საკუთარი ადგილი იპოვა", - განაცხადა ალიევმა. "კიევპოსტის" სტატიის ავტორის თქმით კი, ნათელია, რომ აზერბაიჯანს უპრეცედენტო პერიოდი აქვს.