პარლამენტმა „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ საგადასახადო შეღავათები დაუწესა

პარლამენტმა უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე არიან გასული.

დღევანდელი მონაცემებით, ასეთი სულ სამი მოთამაშეა  – „საქართველოს ბანკი“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ და „თიბისი ბანკი“.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის წევრი თემურ მაისურაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ მართალია, აღნიშნული შეღავათით ამ ეტაპზე მხოლოდ სამი კომპანია ისარგებლებს, თუმცა სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს კონკურენციას.

,,ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ სუბიექტს შეუძლია ამ შეღავათებით სარგებლობა, მაგრამ ეს გაზრდის შესაძლებლობას, რომ ამ სისტემაში მოხდეს სერიოზული კონკურენტული მოთამაშეების შემოსვლა”, - აღნიშნავს მაისურაძე.

თემურ მაისურაძის თქმით, მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ჩაბრუნდეს ბიზნესში და მოხდეს ფასიანი ქაღალდების სისტემის განვითარება. მაისურაძე აღნიშნავს, რომ ამ ხელშეწყობით ისარგებლებს ყველა, ვისაც ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბირჟაზე ექნება განთავსებული. მისი თქმით, ეს ცვლილება უფრო მომგებიანს გახდის ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლას და რეალური კონკურენცია შეიქმნება.

"ეს არ გახლავთ რომელიმე კომპანიის ლობირების შედეგი. იმედი მაქვს, რომ ამ მოთამაშეების რაოდენობა გაიზრდება და თან რაც შეიძლება, სწრაფად. თუ დღეს სამი მოთამაშეა, ეს შეღავათი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომავალში იყოს 5-7 და უფრო მეტიც”, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, რომ ცვლილება გულისხმობს, მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან ბირჟაზე გაწეული დანახარჯების გამოქვითვას.

მისი თქმით, ეს ცვლილება მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის არ უნდა ხდებოდეს.

,,ძალიან კარგი იქნება, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობადაც მოვისმინოთ სერიოზული ინიციატივები. ბუნებრივია, იყო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები და საკითხის დაყენება,”- აღნიშნავს მელიქიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 24 დეკემბრის №4720- რს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ამ ცვლილების მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქრისტინე გამთენაძე