დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.

2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: პირველი - სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებული გრანტების გაცემის გზით სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვას; მე-2 - თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.

საგრანტო პროგრამა ვრცელდება შემდეგ რეგიონებზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

"საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი საგრანტო კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იქნება 2016 წლის 16 თებერვლამდე.

დაინტერესებულ პირებს შეკითხვები შეუძლიათ გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@livelihood.gov.ge ან t.gavasheli@livelihood.gov.ge.

ყველა შეკითხვა შესაბამის პასუხთან ერთად 2016 წლის 23 თებერვლამდე გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე: http://livelihood.gov.ge/ge/faq.

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე - www.mra.gov.ge და www.livelihood.gov.ge. ასევე სამინისტროს და სააგენტოს facebook გვერდებზე.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ღია კარის დღე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება. ღია კარის დღეზე სამინისტროს და სააგენტოს თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდებიან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 მარტი.