გიორგი მარგველაშვილი: 2016 წელს საქართველო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წელს საქართველო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას მიესალმება.

"საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება. 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები; ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები; აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე; და განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა. ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს", - განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს.

"ჩვენ განათლებული თაობა უნდა ვაქციოთ ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - დასძინა პრეზიდენტმა.