მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ

მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნა მათ დღეს ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან გააჟღერეს, სადაც ამ მიზნით შეგროვებული 12 ათასი ხელმოწერაც წარმოადგინეს. მრევლმა, ასევე, პრეტენზიები დააფიქსირა საქართველოს მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მიმართ. როგორც მუსლიმი მრევლის ერთ-ერთმა წინამძღვარმა, ალექსანდრე ნაკაიძემ განაცხადა, ხვალ პარასკევის ლოცვა მრევლს ღია ცის ქვეშ, თოვლზე მოუწევს.

"ქუჩაში ჯერ ისევ თოვლია, მუსლიმებს ხვალ პარასკევის ლოცვის შესრულება მოგვიწევს თოვლზე. 12 ათასზე მეტი კაცის ხელმოწერა გვაქვს, რაც ადასტურებს იმას, რომ მეჩეთის საჭიროებაა. ამას ხედავს სამუფთო და სახელმწიფო და უნდა შევიდეს მრევლის მდგომარეობაში", - აღნიშნა ალექსანდრე ნაკაიძემ. წინამძღვარი ასლან აბაშიძე კი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოჩენის და ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაში მრევლი შეძლებს ახალი მეჩეთის აშენებას.

"სახელმწიფოს ვთხოვთ, გამოიჩინოს კეთილი ნება და გამოგვიყოს მიწა. ავაშენებთ მეჩეთს და არსებული მეჩეთიც განიტვირთება. პარასკევობით, როცა ჩვენ ლოცვის შესასრულებლად მეჩეთში მივდივართ, ამის გამო ძველი ბათუმის უბნებში მოძრაობა გადატვირთულია. ამით გარკვეულწილად უხერხხულობას და დისკომფორტს ვუქმნით აქ მცხოვრებლებს", - აღნიშნა მუფთმა ასლან აბაშიძემ.

მუსლიმებს საქართველოს მოქმედი მუფთის ბეგლარ ქამაძიშიძის მიმართ პრეტენზიები აქვთ. როგორც გრიგოლ მგელაძე ამბობს, მრევლს მუფთის არჩევაში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდა და მუფთის გადაწყვეტილება მეჩეთის ნაცვლად რეზიდენციის შეძენის შესახებ მისთვის მიუღებელია.

"ჩვენ უნდა ავირჩიოთ მუფთი, რომ ჩვენი მოთხოვნები გააჟღეროს. 4 მილიონი ლარი დაიხარჯა სამუფთო რეზიდენციისთვის. ჩვენ ქუჩაში ვლოცულობთ და რეზიდენცია ვის სჭირდებოდა? იმ თანხის ნახევარიც საკმარისი იქნებოდა მეჩეთის მშენებლობისთვის. ის არც ჩვენ აგვირჩევია და არც ჩვენს მოთხოვნებს იზიარებს. სახელმწიფომ დანიშნა და მათ სურვილებს ასრულებს", - აღნიშნა გრიგოლ მგელაძემ.

"ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის" ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით კი, მუსლიმების მოთხოვნა კონსტიტუციის ჩარჩოებშია და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს უმცირესობის ინიციატივას. "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა არის აუცილებელი საჭიროება იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ბათუმის მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს. ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ნორმებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ეს ისტორიული ნაბიჯი და მოგვცეს თანხმობა მეჩეთის მშენებლობისთვის", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

საინიციატივო ჯგუფი 12 ათასზე მეტი ხელმოწერის დამადასტურებელ დოკუმენტაციას საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაუგზავნის.