ოთარ დანელია აზერბაიჯანულ მხარეს კოლეგიალობისკენ მოუწოდებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანული მხარის განცხადებას საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანის აკრძალვის შესახებ არაკოლეგიალურად აფასებს. როგორც დანელიამ განაცხადა, საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) შესახებ არ დადასტურდა და აზერბაიჯანმა "მოვლენებს დაასწრო".

"ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რეგიონში ვიყოთ ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყანა. ნებისმიერი საეჭვო გარემოების ანგარიშის მიწოდება ხდება ცხოველთა საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, ვინაიდან გვინდა, რომ ყველა ქმედება იყოს გამჭვირვალე და ამაში ჩართული იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. ადრე არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ისე, როგორც დღეს. ეს იყო პრევენციული ზომა, სადაც დაიბადა ეჭვი, რომ შესაძლოა, ყოფილიყო დაავადება "ლურჯი ენა" ცხვარში ან წვრილფეხა პირუტყვში, თუმცა ეს არ დადასტურდა. ჩვენ დიდი ბრიტანეთის რეფერალურ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ შესაბამისი ნიმუშები და მივიღეთ უარყოფითი პასუხები. როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო და შესაბამისი ღონისძიება გაატარა, თუმცა ეს კომუნიკაცია, როგორც წესი, კოლეგიურად ასე არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ არის ორმხრივი ურთიერთობა, ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციას. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არ არიან გარანტირებული, რომ ანალოგიური შემთხვევა არ ექნებათ, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც დაასწრეს მოვლენებს, გააკეთეს ხმამაღალი კომუნიკაცია, რაც როგორც წესი, კოლეგიალობით არ არის ხოლმე გათვალისწინებული", - განაცხადა დანელიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და მათ ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა.

"მინდა შევეხო ქართველი ე.წ. ექსპერტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს და ყველას მოვუწოდო, რომ იმედია, ეს არ ემსახურებოდა კეკლუცობას, რადგან ეს შეიძლება იყოს ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო, მით უმეტეს, როცა არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, არ ფლობენ ინფორმაციას და აკეთებენ ძალიან ზეპირ, უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამიტომ ყველას ვთხოვ, ყოველთვის შეათანხმონ ხოლმე კომუნიკაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, მოიძიონ ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ გააკეთონ განცხადებები", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია უკვე შედგა და ის დარწმუნებულია, რომ გარკვეული პროცედურების შემდეგ ექსპორტი ჩვეულებრივ განახლდება. აზერბაიჯანმა საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ გააკეთა და მიზეზად საქართველოში მსხვილ და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსი - ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) დაასახელა. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ვირუსის არსებობა არ დაადასტურა.