გიგლა ბარამიძის აზრით, საქართველოსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკებები "მესამე ქვეყანაში" არ უნდა იმართებოდეს

"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ "გაზპრომიდან" გაზის სანაცვლოდ თანხის მიღება, არა რუსეთის, არამედ ქართული მხარის მოთხოვნაა. როგორც ბარამიძე განმარტავს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"საუბარია, რომ თურმე რუსეთის მხარის მოთხოვნაა ბუნებრივი აირის გატარების საფასური საქართველოს თანხით აუნაზღაუროს. არ ვიცი სინამდვილეში როგორაა, მაგრამ რუსულ მედიაში წერია პირიქით, რომ საქართველოს ინიციატივაა არა ნედლეულით გადახდა, არამედ თანხით", - აცხადებს გიგლა ბარამიძე. მისივე განმარტებით, "გაზპრომთან" დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები გამოსაყოფია და პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.

"გაზპრომის" საკითხში 2 ძირითადი მიმართულებაა გამოსაყოფი. ერთია ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხი და მეორე პოლიტიკური, ვინაიდან ეს კომპანია იმ ქვეყნის კომპანიაა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ანექსირებული. ერთი მეორეს არ უნდა უშლიდეს ხელს, მაგრამ განსაკუთრებული გამჭვირვალობაა საჭირო. რა გახდა ასეთი, რატომ ხდება ეს შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნეიტრალურ მოედანზე, რა ომს ვაწარმოებთ ერთმანეთთან, თუ რა? იყოს თბილისში, ან თუნდაც რუსეთის დედაქალაქში. არ არის საჭირო მესამე და მეოთხე ქვეყნები", - აღნიშნავს ბარამიძე.