სათემო მაუწყებლობის ავტორიზაციისას, ავტორიზაციის მსურველს მაუწყებლობის სათემო ხასიათის დასაბუთება მოუწევს

სათემო მაუწყებლობის ავტორიზაციისას, ავტორიზაციის მსურველს მაუწყებლობის სათემო ხასიათის დასაბუთება მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ მსურველი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის დასაბუთებას ვერ წარადგენს, მარეგულირებელ კომისიას უფლება ექნება, სათემო მაუწყებლობაზე მას უარი უთხრას. ამას "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

"იმ შემთხვევაში, თუ კანონში არ გაჩნდება კომისიის უფლებამოსილება, აღნიშნული საფუძვლით უარი განუცხადოს მაუწყებლობის ავტორიზაციაზე, ისეთ სამართლებრივ სიტუაციას მივიღებთ, რომლის მიხედვით, ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია ვალდებული იქნება ავტორიზაცია მოახდინოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეამოწმოს შინაარსობრივი მხარე, ანუ რამდენად შეესაბამება თემის ინტერესებს და ა.შ.) და თუ არ გამოასწორებს, შემდეგ მოითხოვოს ავტორიზაციის და შესაბამისად მაუწყებლობის შეჩერება, რაც მიზანშეუწონელია. სათემო მაუწყებლობა სწორედ იმით განსხვავდება კერძო მაუწყებლობისგან, რომ სათემო მაუწყებლობას აქვს თავისი სპეციფიკური შინაარსობრივი მოთხოვნები, რომლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეუძლებელია მაუწყებელი სათემოდ ჩაითვალოს", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.