ხელოვნური ბრინჯის მწარმოებელი კომპანია "ომეგა 12" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ომეგა 12", რომელიც საქართველოში ხელოვნურ ბრინჯს აწარმოებს, კომპანიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.

რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე გია ბურჯანაძეზე დაყრდნობით, გამოცემა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელოვნური ბრინჯი ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისგან და სამრეწველო პლასტმასისგან მზადდება. მის შემადგენლობაში პლასტმასის ის სახეობა შედის, რომლისგანაც პოლიეთილენის პარკები მზადდება. მისი გამოყენება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ კომპანია "ომეგა 12"-ის განცხადებას:

"ომეგა 12" პროტესტს გამოთქვამს კომპანიის მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს მათ მიერ შემოტანილი ბრინჯი პლასტმასს შეიცავს. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის, პირების წინააღმდეგ,  რომლებიც ამგავრ სიცრუეს ავრცელებენ, "ომეგა 12" სასამართლოში ჩივილისგან თავს იკავებს, თუმცა მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონკრეტულ პირებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ასეთ ინფორმაციებს და სანამ გაავრცელებენ, გადაამოწმონ. პრესაში გაჟღერებულმა ცრუ ინფორმაციამ პრობლემები შეუქმნა კომპანიის საქმიანობას ქართულ ბაზარზე. კომპანია გეგმავდა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცის განხორციელებას, თუმცა გავრცელებული დეზინფორმაციების ფონზე, იძულებულია ქართული ბაზარი დატოვოს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ შემოტანილმა ეგრეთ წოდებულმა ხელოვნურმა ბრინჯმა გაიარა საბაჟო კონტროლი საზღვარზე და ასევე შემოწმდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. სერთიფიცირებულია კორეის სახელმწიფოს მიერ და იყიდება უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ეს არის სურსათი, რომლის შემადგენლობაშიცაა ხორბლის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, მარილი, ბუნებრივი დამატკბობელი და სოიო.

სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება", - ნათქვამია განცხადებაში.