რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

საპარტნიორო ფონდმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა და მისი ოპერირებისთვის მზადება დაიწყო. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიექტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ემზადებიან სავაჭრო ცენტრში სრულფასოვანი ოპერირებისთვის, როგორც პროდუქციის მობილიზებით, ასევე ტექნიკურად. ფონდის მხრიდან მათთვის მიმზიდველი კომერციული და ტექნიკური პირობებია შექმნილი.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა. რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრულყოფილ ოპერირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.