ევროკავშირმა სირიის მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფის პირობა დადო

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვენებმა სირიის მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს , - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, გამოყოფილი თანხა სირიაში დარჩენილ მოსახლეობას და სირიელ ლტოლვილებს მოხმარდება. სირიის დახმარების საკითხზე კონფერენცია გუშინ ლონდონში გაიმართა, რომელსაც გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, კუვეიტის, ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გამოყოფილი დახმარების მიზანს მილიონობით ადამიანის პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

"ლტოლვილებს არ ჰქონდათ დიდი არჩევანი გარდა ქვეყნიდან გაქცევისა. მათმა დიდმა ნაწილმა ყველაფერი დაკარგა. კონფლიქტის დაწყებიდან დიდი ხანი გავიდა, ადამიანებმა კი იმედი დაკარგეს. ჩვენ მორალური ვალდებულება გვაქვს მათ იმედები დავუბრუნოთ", - განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ კი განაცხადა, რომ სირიელი ხალხის ტანჯვა მხოლოდ პოლიტიკური გამოსავლის შედეგად უნდა დასრულდეს.

"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აგრძელებენ დახმარებას, ამასთან ყველა მხარეს მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე იმუშაონ და დაიცვან მოქალაქეები. ჰუმანიტარული დახმარება და დიპლომატიური მცდელობები ერთმანეთის პარალალურად უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

სირიაში კონფლიქტი უკვე ხუთი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაპირისპირებას 250 000 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. 18 მილიონი ადამიანი კი დახმარებას საჭიროებს, მათ შორის 13,5 მილიონი სირიაში იმყოფება.