"თბილსერვის ჯგუფი" თანამშრომლებს მოუწოდებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას

შპს "თბილსერვის ჯგუფი" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება. როგორც "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, შპს "თბილსერვის ჯგუფი", უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"მოვუწოდებთ შპს" თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას და კომპანიის სახელს. ნუ შელახავენ "თბილსერვის ჯგუფის" კეთილსინდისიერად მომუშავე თანამშრომელთა ღირსებასა და პატივს. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", - აცხადებენ "თბილსერვის ჯგუფში".