"გალტ & თაგარტმა" ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საავადმყოფოების მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი გამოწვევების, ასაკოვანი მოსახლეობის ზრდის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საავადმყოფოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც "გალტ & თაგარტში" აცხადებენ, კომპანიის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენელთათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კვლევაში დეტალურად არის მიმოხილული ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეტაპები და სახელმწიფოს პოლიტიკა აღნიშნულ სექტორთან მიმართებაში. კვლევა მოიცავს თურქეთისა და მექსიკის მაგალითებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ჯანდაცვის სექტორის რეფორმები. კვლევაში საუბარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა ასაკოვანი მოსახლეობის ზრდა, ქრონიკული დაავადებები და მათთან გამკლავება. კვლევის მიხედვით, საკმარისი ინვესტიცია ტექნოლოგიებში ხსენებულ სექტორში დანახარჯების ზრდის შენელებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევა. კვლევა მიმოიხილავს საავადმყოფოების დღევანდელ მდგომარეობას. "გალტ & თაგარტის" მიერ მომზადებული ჯანდაცვის სექტორის კვლევა ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო კონსულტანტს დაეხმარება საფუძვლიანი ანალიზისა და სტრატეგიის შემუშავებაში. ის საინტერესო იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს გაეცნოს ჯანდაცვის სექტორის სრულ და პროფესიონალურ ანალიზს", - ნათქვამია "გალტ & თაგარტის" განცხადებაში.

"გალტ & თაგარტის" სექტორული კვლევები ქვეყნდება ეკონომიკური პრიორიტეტებისა და სექტორების საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით. ჯანდაცვის სექტორის შემდეგი კვლევა ამ წლის ზაფხულში გამოქვეყნდება. უახლოეს მომავალში იგეგმება ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორული კვლევების გამოქვეყნება.