სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი არჩილ იაკობაშვილი საზოგადოების წინაშე ეროვნული ბანკის მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს

სებ-ის საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი არჩილ იაკობაშვილი საზოგადოების წინაშე ეროვნული ბანკის მეტი გამჭვირვალობისა და გახსნილობის აუცილებლობაზე საუბრობს.

არჩილ იაკობაშვილმა საკუთარი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით - "ფინანსური სტაბილურობა - საქართველოს უსაფრთხოების წინაპირობა" მოგვაწოდა, რომლის განხორციელებასაც ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შემთხვევაში გეგმავს.

სამოქმედო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მიჩნეულია ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება. კერძოდ, საბჭოს სრული ჩართულობა მონეტარულ და საზედამხედველო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ცენტრალური ბანკირის კარიერული პერსპექტივის ხელშეწყობა და სპეციფიური განვითარება, ეროვნული ბანკის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა საზოგადოების წინაშე.

ასევე მთავრობასთან კრიტიკული დიალოგი და მიზანდასახული თანამშრომლობა - ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული (და არა - დამოკიდებული) სახელმწიფო ფინანსების მართვა, დერეგულაციებზე მიმართული დარგობრივი და რეგიონალური რეფორმების შესაბამისად საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, დეფიციტური ხარჯვის ნულოვან ნიშნულამდე ეტაპობრივად შემცირება ეროვნული ბანკის ღია ბაზრების ოპერაციებისა და რეფინანსირების ინსტრუმენტების დახმარებით.

"ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკა - ფულადი მასის ოპტიმალური კონტროლი, მონეტარული მიწოდების ზომიერად შეზღუდვა და ლიკვიდობის სიჭარბის დროებით მაქსიმალურად განეიტრალება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის რეორიენტაცია დანაზოგებზე, კერძო სექტორში მოხმარების წახალისება მთავრობის დახმარებით.

სავალუტო რეჟიმის მოქნილობა, რეგიონალური კოორდინაცია და კაპიტალის ბაზრების განვითარება - თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში დოლარიზაციის როგორც მოცემულობის (და არა პრობლემის), ხოლო უცხოური ვალუტის დეფიციტურობის, როგორც სტრუქტურული გამოწვევის აღქმა სავალუტო ბაზარზე, სავალუტო ნაკადების ხელშეწყობა პორტფელური ინვესტიციების მოზიდვით როგორც სახელმწიფო, ისე უპირველესად კერძო სექტორში, წერტილოვანი ინტერვენციები მოკლევადიანი და საშუალო ზომის საგარეო შოკების განმუხტვისათვის, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კასეტური ინტერვენციები მთავარი სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი) ცენტრალურ ბანკებთან მკაცრი კოორდინაციის პირობებში.

ფინანსური ზედამხედველობის ლიბერალიზაცია - ფინანსური ბაზრების მიკროსტრუქტურული რისკებისა და მაკროპრუდენციული გამოწვევების სისტემატიზაცია, ეროვნული ბანკის მიერ მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ზედამხედველობის მეთოდების შემდგომი დახვეწა, კრიტერიუმების მიზანმიმართული (და არა შერჩევითი ან მასიური) შემსუბუქება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საინვესტიციო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წახალისების მიზნით", - ნათქვამია არჩილ იაკობაშვილის სამოქმედო პროგრამაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.

როგორ ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი. ესენია - გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე.