ეროვნული ბანკის საქმეზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები განმარტებებს აკეთებენ

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ეროვნული ბანკის საქმეზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები განმარტებებს აკეთებენ.

როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლო შეენარჩუნებინა ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ზედამხედველობის ფუნქცია დაექვემდებარებინა ახლადშექმნილი სააგენტოსთვის, რითაც საფინანსო სექტორის კონტროლს განახორციელებს.

შალვა შავგულიძის განმარტებით, შეფასებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან არის კატეგორიულად ნეგატიური.

"ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ახორციელებდა თავის კონტროლს საფინანსო სექტორზე ეროვნული ბანკის მეშვეობით. ვინაიდან, ეროვნულმა ბანკმა შეძლო და შეინარჩუნა ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, რაც მას კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული, ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ეს ძირითადი ფუნქცია ზედამხედველობის გამოეტანა ბანკიდან და დაექვემდებარებინა ახლად შექმნილი, მთავრობის მიერ დაკომპლექტებული სააგენტოსადმი, რათა განახორციელოს სრული კონტროლი საფინანსო სექტორზე.

საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი წერილი არსებობს, რომლითაც ამ ოთხმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, არ მიიღონ ეს კანონი, რომელიც დააზიანებს ქართული საფინანსო სექტორის განვითარებას", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მოპასუხე მხარე, მთავრობის წარმომადგენელი ქეთევან კრაწაშვილი განმარტავს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კონსტიტუცია არ დარღვეულა. ის დარწმუნებულია, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც მოწმის სტატუსით იკითხება, საკონსტიტუციო სასამართლოს გაარკვევს ამ გადაწყვეტილების სისწორეში. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განმარტებები არ იყო დამაჯერებელი და ვერ აბათილებს მოპასუხე მხარეების პოზიციას.

"მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის გუშინდელი განმარტებები არ არის დამაჯერებელი და ვერ აბათილებს მოპასუხე მხარეების პოზიციებს. მიგვაჩნია, რომ სამართლებრივად არ არის ღირებული ის არგუმენტები, რომელიც მის მიერ იქნა დასახელებული", - აღნიშნა ქეთევან კრაწაშვილმა.