ელენე ხოშტარია - საგანგაშოა, რომ ენერგეტიკის მინისტრს "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები არ ესმის

საგანგაშოა, რომ ენერგეტიკის მინისტრს "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები არ ესმის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც არაერთხელ დაისვა. "პირველ რიგში, ვერ გავიგეთ, რატომ ვერ მოხდა სეზონური დეფიციტის შევსება, რომელიც საქართველოს დღეს გაუჩნდა და ბოლო მომენტში რატომ დაიწყო ამაზე საუბარი. ყველაზე მთავარი და საგანგაშო არის ის, რომ ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები. ეს საგანგაშოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მთავარ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს და კიდევ უფრო საშიში არის ის, რომ არის პრინციპული განსხვავება პოზიციებში. "ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არანაირ პოლიტიკურ პრობლემას არ წარმოადგენს. როცა მთელი მსოფლიო სხვანაირად ფიქრობს", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.