გიორგი აბაშიშვილი - პოლიტიკური მიუკერძოებლოება ეროვნული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პოლიტიკური მიუკერძოებლოება ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საქართველოს ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესის მორიგი ეტაპი და წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან, ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, სამი კანდიდატი გამოიკვეთა. მისი თქმით, ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის.

"ყველა კანდიდატი იყო ძალიან ღირსეული. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაწეული სამუშაოსთვის და პროცესში მონაწილეობისთვის. მე სამივე კანდიდატს წარვუდგენ საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად", - განაცხადა აბაშიშვილმა.

კითხვაზე, მმართველი გუნდი რამდენად მოიწონებს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, აბაშიშვილი აცხადებს, რომ ვერ ხედავს "ვერანაირ წინასწარ განზრახულ მიზეზს კანდიდატურის არდამტკიცებასთან დაკავშირებით".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი - კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე - შეარჩია.