თურქეთში შესაძლოა კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს

თურქეთში შესაძლოა, კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურთულმუშმა განაცხადა. მისი თქმით, ლტოლვილების ნაკადის გაზრდა სირიის პროვინცია ალეპოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებითაა გამოწვეული.

ბოლო დღეებში, სირიის სამთავრობო არმია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით, პროვინცია ალეპოს უტევს, რის გამოც ათი ათასობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია.

გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსული ავიაიერიშები დაგმო და "შოკისმომგვრელი" უწოდა.

გუშინ, გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივ ქმედებებს განახორციელებენ.