2016 წლის ყველაზე ფეშენებელური საკრუიზო ხომალდები (+ფოტო)

საკრუიზო ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში საკმაოდ განვითარებულია.

ბოლო პერიოდში კი კრუიზით მოგზაურობა ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ სახედ იქცა.

CNN Travel 2016 წლის 8 საუკეთესო კრუიზს წარმოგიდგენთ, რომელთა ჩაშვებაც წელს იგეგმება.

1. „კარნავალ ვისტას“ გამოჩენა კრუიზით მოგზაურობის ბაზარზე - 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენაა. 322 მეტრის სიგრძის ხომალდი 3 940-მდე მგზავრს იტევს. ლაინერი აღჭურვილია IMAX-ის კინოთეატრით, ასევე მგზავრებს გართობის ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის აკვაპარკსა და ატრაქციონს. ლაინერის ჩაშვება მიმდინარე წლის მაისში, ხმელთაშუა ზღვაშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ის აშშ-ის ფლორიდას შტატში დაბრუნდება.

2. ლაინერ „მადამ კიონინგსდემის“ მფლობელი კომპანია Holland America Line-ია, რომელიც 1837 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა. 2 650 მგზავრზე გათვალისწინებული ხომალდი მგზავრებს დახვეწილ დიზაინსა და ცოცხალ მუსიკას სთავაზობს. ხომალდის ჩაშვება მიმდინარე წლის აპრილში, იტალიაში იგეგმება. „მადამ კიონინგსდემი“ საზღვაო კრუიზებს ხმელთაშუა ზღვაში განახორციელებს. 2016 წლის ნოემბერში კი ის აშშ-ში, ფლორიდას შტატში დაბრუნდება.

3. Regent's Seven Seas Explorer-ი მსოფლიოს ყველაზე ფეშენებელურ საკრუიზო ლაინერად არის აღიარებული. 750 მგზავრზე გათვლილი ლაინერი აღჭურვილია ლუქს-ოთახებით, მსოფლიო კლასის 6 რესტორნითა და 2-სართულიანი თეატრით. Seven Seas Explorer-ზე განთავსდება მსოფლიოში ყველაზე დიდი, 460 კვადრატული მეტრის კაიუტა სასადილო ოთახით, ბარის ზონით, როიალით, საუნითა და ბაღით. ეს იქნება არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე ძვირად ღირებული კაიუტა. ორკვირიანი მოგზაურობის დროს აპარტამენტებში ცხოვრება 43 000 ევრო ეღირება. Seven Seas Explorer ივლისში, მონტე-კარლოში ჩაეშვება, დეკემბერში კი მაიამიში დაბრუნდება.

4. Harmony of the Seas - მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერია. ხომალდის ბორტზე განთავსებულია აკვაპარკი, ბარები, 20 რესტორანი და სათამაშო ავტომატების დარბაზიც კი. ლაინერზე 2 747 კაიუტაა, სადაც 5 479 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. საკრუიზო ლაინერის ჩაშვება მაისში იგეგმება.

5. The Ovation of the Seas გათვლილია 4 180 მგზავრზე, ხომალდის ბორტზე 2 090 კაიუტაა განთავსებული. საკრუიზო ლაინერი უახლესი ტენქოლოგიებითაა აღჭურვილი. მისი ჩაშვება აპრილში იგეგმება. The Ovation of the Seas კომპანია Royal Caribbean International-ის კვანტუმის კლასის რიგით მესამე ლაინერია.

6. Seabourn Encore მხოლოდ 600 სტუმრისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მათ დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. ხომალდი აღჭურვილია 30 ლუქს-კლასის კაიუტით, ღია ბარებით, და მგზავრებს დატვირთულ პროგრამას სთავაზობს. გართობის მოყვარულებისთვის ხომალდის ბორტზე ყოველ ღამით კაზინო იმუშავებს. კრუიზის ჩაშვება 2016 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

7. საკრუიზო ლაინერი Viking Sea 227,2 მ სიგრძის ხომალდია, რომელიც 930 მგზავრს მოემსახურება. ხომალდი განსხვავებული გასართობი პროგრამით გამოირჩევა, სადაც მგზავრებისთვის ცოცხალი თეატრალური შოუ გაიმართება. ხომალდის ჩაშვება 2016 წლის აპრილშია დაგეგმილი. ის სტამბოლის პორტს დატოვებს და ძირითადად, ევროპაში იმოგზაურებს.

8. AIDAprima პირველი საკრუიზო ლაინერია გერმანულ ბაზარზე, რომელიც ღია ზღვაში მთელ წელს გაატარებს. მისი ჩაშვება 2016 წლის აპრილშია დაგეგმილი. ხომალდზე 1 643 კომფორტული კაიუტაა, აქედან თითქმის ნახევარს ცალკე ვერანდა აქვს. 2016 წლის ზაფხულს ლაინერი ჩრდილოეთ ევროპაში გაატარებს და კრუიზებს ჰამბურგიდან როტერდამში შეასრულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა