თბილისში LED სანათების საპილოტე პროექტი განხორციელდა

კომპანია "iGuzzini"-მ თბილისში LED სანათების საპილოტე პროექტი განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, "სინათლის ქალაქი" თბილისში დიოდური სანათების მონტაჟს აგრძელებს და ამჯერად საპილოტე პროგრამაში ჩართვის სურვილი იტალიურმა კომპანია "iGuzzini"-მ გამოთქვა.

"სინათლის ქალაქისა" და "iGuzzini"-ის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით, ჭავჭავაძის გამზირზე, ლადო კავსაძის ქუჩიდან 55-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე, 20 ენერგოდამზოგავი სანათი დამონტაჟდა.

ადგილზე "სინათლის ქალაქის" 3 ერთეული ტექნიკა და 15-მდე მუშახელი მუშაობდა.

დედაქალაქის მასშტაბით, ეს უკვე მე-11 პილოტ პროექტია, რომელიც "სინათლის ქალაქის" დახმარებით განხორციელდა.

ცნობისთვის, თბილისი ეტაპობრივად ენერგოდამზოგავ განათებაზე გადადის, რაც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60-70%-იან ეკონომიას მოუტანს.