დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ირანთან დაკავშირებით ცოტა დავაგვიანეთ

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ირანთან დაკავშირებით ცოტა დავაგვიანეთ, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მაქსიმალური სიჩქარით უნდა აღადგინოს ყველა ის ხიდი, რომელიც ირანთან უნდა გვქონდეს.

"მესმის, რომ არსებობდა სერიოზული საერთაშორისო შეზღუდვები ირანის მიმართ, მაგრამ მეზობელ ქვეყანასთან ყოველთვის გვქონდა და უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. სამწუხაროდ, ბევრი რამ, ირანთან პოტენციური შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ მაქსიმალური სიჩქარით, ძალიან სწრაფად უნდა აღვადგინოთ ყველა ის ხიდი, რომელიც ირანთან უნდა გვქონდეს. ირანი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მსოფლიოში, როგორც ეკონომიკური გიგანტი. ამას ალბათ რამდენიმე წელიწადში ყველა დაინახავს და დარწმუნდება. საქართველოს მიმართ ირანის დამოკიდებულება ძალიან მეგობრულია. მეტიც, მათ საქართველო სჭირდებათ, რადგან მათთვის საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო კარიბჭეა ევროპაში, ზღვაზე გასასვლელად. ვფიქრობ, ირანთან გვექნება ძალიან კარგი, ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა და ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება.