დავით სერგეენკო - ირანი ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს

ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მის მეზობლებთან ურთიერთობის იმ ფორმებს ეძებს, რაც ორივე ქვეყნისათვის მაქსიმალურად პრაგმატული და ურთიერთმომგებიანი იქნება , - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ირანი ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს.

"ბოლო ხანებში ირანთან მიმართებაში ბევრმა ქვეყანამ გადახედა თავის დამოკიდებულებას. ამერიკამ მას მთელი რიგი სანქციებიც მოუხსნა. ირანი ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს. პრემიერმა გამოავლინა მზაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყნებს შორის ტურისტული აქტივობები გაიზარდოს, რაც ვფიქრობ ძალიან სწორი და პრაგმატული მიდგომაა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება.