პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ციხისძირიდან ე.წ. გიგანტური ხეების გადარგვის საკითხზე მოსმენას გამართავს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 11 თებერვალს, ციხისძირიდან ე.წ. გიგანტური ხეების გადარგვის საკითხთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს.

კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იქნებიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და სპეციალისტები. ციხისძირიდან ხეების გადარგვის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა დღეს საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა გაითვალისწინა და საკითხის 11 თებერვლის საკომიტეტო სხდომის დღის წესრიგში ჩასმის გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, ციხისძირში მდგომარეობა სავალალოა, საკითხისადმი მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა უნდა მიიღოს განცხადება დაწყებული სამუშაოების შეჩერების თაობაზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ციხისძირიდან სამი გიგანტური ხის გადატანაზე ნებართვა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ გასცა. მათივე განცხადებით, ხეები ბიძინა ივანიშვილს პირად რეზიდენციაში მიაქვს, რაც დაუშვებელია.

თავის მხრივ, გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ კომიტეტი მზად არის საკითხზე სპეციალური სხდომა მოიწვიოს და გიგანტური ხეების გადატანის თემა ინფორმირებულ პირებთან ერთად განიხილოს.