მეტალურგიული ქარხნის მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქცია დასრულდა

მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობა მათ დაჰპირდა, რომ პარასკევამდე მოამზადებენ და დოკუმენტურად გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საწარმოს ადმინისტრაცია ბანკებთან სესხის დაფარვის გადავადებაში უშუამდგომლებთ, 10 მარტიდან კი, ყველას სამსახურში დააბრუნებენ, მათ კი ვისაც სამსახურიდან წასვლა სურს, კანონის თანახმად მიეცემათ კომპენსაცია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ 12 თებერვლამდე ეს შეთახმება დოკუმენტურად არ გაფორმდება, ისინი აქციას განაახლებენ.

მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ქარხნის ხელმძღვანელობა თუ მიცემულ პირობას არ შეასრულებს, პროფკავშირები მუშების სახელით სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე და ძველი თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასაც მოითხოვენ.