საქართველოში ონლაინ სესხების ასოციაცია დაფუძნდა

საქართველოში ონლაინ სესხების ასოციაცია დაფუძნდა. როგორც ონლაინ სესხების ასოციაციაში აცხადებენ, ასოციაციის მიზანია, მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმირება ონლაინ სესხების პროდუქტის შესახებ, ნდობის დამყარება მოსახლეობასა და ონლაინ სესხების ორგანიზაციებს შორის, როგორც მომხმარებლების ასევე ონალინ სესხების ორგანიზაციების უფლებების დაცვა.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკანონმდებლო ბაზის დახვეწა წარმოადგენს, რომლის საფუძველზე მოხდება ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება და მათი საქმიანობა მოექცევა გარკვეულ ჩარჩოებში.

"ბოლო 3 წელია, რაც საქართველოში ონლაინ სესხების ორგანიზაციები გამოჩნდნენ და მომხმარებელს სრულიად განსხვავებული და ახალი პროდუქტი შესთავაზეს, რომელიც მოკლევადიან პერიოდზე მომხმარებელს მცირე მოცულობის სესხებს სთავზობს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულმა ფინანსური განათლების ძალიან დაბალმა დონემ განაპირობა ის, რომ ძალიან ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნული პროდუქტის რეალური არსი არასწორად გაიგო და შესაბამისად, არამიზნობრივად გამოიყენა, რამაც გამოიწვია ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა, საბოლოო ჯამში კი შეიქმნა სიტუაცია, სადაც მრავალ მომხმარებელს გაუფუჭდა საკრედიტო ისტორია გადაუხდელობის გამო. სწორედ ამ სიტუაციის მოსაწესრიგებლად, მომხმარებლამდე სწორი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ონლაინ სესხების ასოციაცია მომავალში გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას. ასოციაცია აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში, ასევე ასოციაცია თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან კანონმდებლობის დახვეწის მიზნით", -აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასოციაციაცია დღესდღეობით აერთიანებს 9 უმსხვილეს ონლაინ სესხების ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ ასოციაციის წესდების ფარგლებში შემუშავებული პრინციპებით, რომელიც აგებულია პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. მომავალში იგეგმება ასოციაციის წევრების რაოდენობის გაზრდა თუმცა, ასოციაციის წევრები ვერ გახდებიან ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც არ იზიარებენ იმ პრინციპებს.

ასოციაციის თავმჯდომარეა დავით კიკვიძე, რომელიც ბოლო 2 წელი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში საბანკო სექტორის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ასევე მომხმარებლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაზე.

ასოციაცია უახლოეს მომავალში აპირებს ოფიციალური პრეზენტაციის ჩატარებას, სადაც ფართოდ გააცნობს საზოგადოებას ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებს.