სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "რედისონში" იმართება და აღნიშნული საინვესტიციო პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და "გალერეა თბილისის" ექსკლუზიური ბროკერის "Colliers Internatiol Georgia" ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს. ღონისძიებას ესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც პრეზენტაციის შედეგად გახდა ცნობილი, "გალერეა თბილისის" ჯამური სავაჭრო ფართი 22 000 მეტრ კვადრატს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხუთი სართული და საკვები ზონა. შენობის სამხრეთ ნაწილში მოეწყობა 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

"გალერეა თბილისის" ფარგლებში წინამოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ეტაპზე პროექტი უკვე შევიდა აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზაში. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, ძირითადი კონტრაქტორი კომპანიის ასაყვანად ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ქართულმა სამშენებლო კომპანია "ანაგმა" გაიმარჯვა და "გალერეა თბილისის" მმართველ კომპანიასა და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება იმავე დღეს გაფორმდა.