განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ , - ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

სერვისს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" კომპეტენციას განეკუთვნება. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეუძლიათ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ არის.

იუსტიციის სახლებში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებნი, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები, საზოგადოებრივი ცენტრები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებენ; ეს კი მათ მოუხსნის ხანგრძლივი მგზავრობის საჭიროებას და ექნებათ საშუალება, დაზოგონ დრო და ფინანსები, ხოლო მომსახურება უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღონ.

განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია, თბილისის გარდა, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის 15 ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14 ტერიტორიულ სამსახურში. მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ ახალციხის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის, ფოთის, ყაზბეგის, ყვარლის, ბათუმის, ქუთაისის, ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის, ვანის, კასპის, ნინოწმინდის, სენაკის, ქარელის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის მცხოვრებნი.

აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ამ სერვისის იუსტიციის სახლებში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები კი შეიმუშავებენ ერთობლივ წესს, რომლითაც დამტკიცდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების პროცედურა და პირობები", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ", "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ", აგრეთვე, "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ".