არჩილ ხაბაძე ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე - კომპანიას აქვს ყველა დოკუმენტაცია, განახორციელოს ხეების გადატანის სამუშაოები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ციხისძირიდან ხეების გადარგვის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ხე არის კერძო საკუთრებაში და კომპანიას აქვს ყველა დოკუმენტაცია, განახორციელოს ხეების გადატანის სამუშაოები. არჩილ ხაბაძის განმარტებით, შეკვეთილში იგეგმება პარკის მოწყობა და ხეებიც სწორედ იქ გადაირგვება.

"პოლიციამ დაიწყო გამოძიება და ყველა კითხვას გასცა პასუხი. რა სამუშაოებიც ხორციელდება, არსებობს შესაბამისი ნებართვები. ჩვენი მხრივ დაკვირვების ქვეშ არის ეს პროექტი, ვაკვირდებით პროცედურებს ყურადღებით. ჩვენი ინფორმაციით და მოწოდებული განცხადებით, რაზეც კომპანიამ მოგვმართა ხეების შესყიდვასთან დაკავშირებით, შეკვეთილში იგეგმება პარკის მშენებლობა და ამისთვის სჭირდებათ სამი ხე. შესაბამისად, ეს ხეები გადაირგვება იქ", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთი ტიტის და ორი კვიპაროსის ხე კომპანია "ზიმოს" 6 200 ლარად მიჰყიდა. ციხისძირში დღეს ხეების გადარგვის სამუშაოები პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს. ხეების გადატანა გუშინ "პარტიზანმა მებაღეებმა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს, რა დროსაც პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. დაკავებულები მოთავსებულნი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში და მათ საქმეზე პროცესი დღეს 17:30 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.