საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

უახლოეს ხანებში საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხური სააგენტო news.am ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, პროგრამის კონსულტანტი კომპანია Fichtner Gmbh&Co.KG” არის.

კომპანიის წინასწარი შეფასებით, პროგრამის ღირებულება 326,9 მილიონი ევრო იქნება, საიდანაც 10%-ს ქართული მხარე დაფარავს.

პროგრამის რეალიზება გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით ხდება. 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფაზე შეთანხმება ხელმოწერილია ევროპის საინვესტიციო ბანკთანაც. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ორი ეტაპის რეალიზაცია 188,2 მილიონი ევროს ღირებულების იქნება.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.