კახა კალაძე 15 თებერვალს ირანში გაემგზავრება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს გაემგზავრება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ირანში შეხვედრები გაიმართება ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვიცე- პრეზიდენტთან.

,,თქვენ მოისმინეთ ირანის ელჩის განცხადება, რომ ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ თემას, ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა 2 გზით არის შესაძლებელი - ერთი არის აზერბაიჯანის გავლით, ხოლო მეორე - სომხეთის გავლით.

,,ასევე ძალიან საინტერესოა ფასი ბუნებრივ აირზე რა იქნება, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იმ ფასებისა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.