დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საქართველოს მხარეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საქართველოს მხარეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.

როგორც ქუმსიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამუშაოების ნაწილი ჯერ კიდევ არის დარჩენილი, თუმცა ისინი მიმდინარე წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრსა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბაქო-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აბრეშუმის გზა არის ძალიან აქტუალური და შესაბამისად, აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილში ამ რკინიგზამ თავისი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. აღნიშნული ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ილდირიმს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გვაჩვენა დღეს მასალები, რომლითაც ნათლად დასტურდება, რომ ამ წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება თურქეთის მხარეს და შესაბამისად, ჩვენ უკვე ოპერირების დაწყებას შევძლებთ 2017 წელს. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ბატონ ზია მამედოვს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენ გვქონდა აღნიშნულ პროექტში ყოველთვის და შესაბამისად გვექნება დარჩენილი ერთი წლის განმავლობაშიც. საქართველოს მხარეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია, თუმცა არის დარჩენილი სამუშაოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.