შპს "ტელევიზია კახეთი" და შპს "სინემა კახეთი" წერილობით გააფრთხილეს, შპს "გორდას" კი, ფინანსური სანქცია დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები შპს "ტელევიზია კახეთი" და შპს "სინემა კახეთი" გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს "გორდას" 3 ათასი ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დააკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს "ტელევიზია კახეთი" სატელევიზიო არხებს "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი", "რუსთავი 2", "ერთსულოვნება", "მაესტრო", "ტვ 11", "საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი", "კომედი არხი", "ობიექტივი", "მარაო", "Охота и рыбалка", "ენკი-ბენკი", "Наше Кино", "Авто+", "Усадьба" და "სტერეო+" შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადასცემდა.

შპს "სინემა კახეთი" კი სატელევიზიო არხების "საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი", "თV 11", "ერთსულოვნება", "ქართული არხი", "ივერია", "საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი", "Футбол 2", „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, "ОРТ"-ეს გადასცემდა არამართლზომიერად.

შპს ,,გორდა" ორ სატელევიზიო არხს, "TV 3" და РЕН ТВ-ის გადასცემდა უკანონოდ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიამ საკითხის არსებითად შესწავლის პროცესში მხარეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის და საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიჩნია, რომ სამივე კომპანიამ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის" ბერნის კონვენცია, "ისმო" საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" და ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.