ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ მიწების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ მიწების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

როგორც დანელიამ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან რთულად არ არის საქმე.

"ყოველ შემთხვევაში, ის ვერსია, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ეკონომიკური გუნდის შიგნით რაზეც გვქონდა განხილვა, არ გულისხმობს, რომ ვინმეს მიწა წაერთმევა. აქ საუბარია, რომ მოწესრიგდეს და პირიქით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროები დაეხმარონ მოსახლეობას მიწების რეგისტრაციაში. კარგი იქნება, რომ უფრო საჯარო გახდეს ყველა ის ინფორმაცია, რაც სხვადასხვა კომპონენტებით არის გათვალისწინებული. მიწა, ყველა ქვეყნისთვის და ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი საკითხია. მარტივად ამ თემის დარეგულირება არ ხდება. პირადად მე თუ მკითხავთ, მე ვფიქრობ, რომ ამას რა დროც დასჭირდება, იმდენი დრო უნდა მოვახმაროთ, მთავარია, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მინისტრმა განმარტა, რომ "დიახ", ვინაიდან დღესდღეობით ცალმხრივი კომუნიკაცია და თემით სპეკულირება ხდება.

"ცალმხრივი კომუნიკაციის შედეგად თემით სპეკულირება ხდება. საარჩევნო წელია და ყველა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა დივიდენდები დაიწეროს, პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა სახის. იქ არის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ითვალისწინებს ამ ადამიანების დახმარებას, რომ დაირეგისტრირონ მიწები, უფრო მეტი კომუნიკაციაა გასაწევი ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

"თავისუფალი დემოკრატები" ინიციატივით გამოდიან, რომ მიწების დარეგისტრირების პროგრამა გამარტივდეს.