დიმიტრი ქუმსიშვილი - მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქართველოს პოპულარიზაციას ირანში

მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქართველოს პოპულარიზაციას ირანში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, როდესაც ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს საქართველოში 80 ათასი ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო შარშან, სამწუხაროდ, მათი რიცხვი 25 ათასს შეადგენდა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ მალე გავალთ იგივე ციფრებზე და კიდევ უფრო მეტად გავზრდით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. დღეს პირველი დღეა უვიზო რეჟიმის და დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრები ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ირანიდან ჩამოსულ 14-კაციან ჯგუფთან. ეს არის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც გააშუქებენ საქართველოს შესაძლებლობებს ირანში. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქართველოს პოპულარიზაციას ირანში", - განაცხადა მინისტრმა.