CENN - ხე-ტყის მომპოვებლები თბილისის სასმელ წყალს აბინძურებენ

ხე-ტყის მომპოვებლები თბილისის სასმელ წყალს აბინძურებენ. ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) აცხადებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან, 2009 წელს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მიმდინარეობს ჭრები და სამასალე მერქანი მზადდება.

"ხეები იჭრება მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს 150-200 მეტრიან ზოლში, დაახლოებით, 30° დახრილობის ფერდობებზე. სატყეო გზად მდინარის კალაპოტია გამოყენებული და მძიმე ტექნიკა იმ მდინარეში დადის, რომელიც თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

CENN-ის განცხადებით, კანონდარღვევები აშკარაა და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოსგან უკვე გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც უახლოეს დღეებში ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევებზე გავრცელდება. თუმცა, მათივე თქმით, მართვის გეგმაში ჩაუხედავადაც ცხადია, რომ მდინარეში, რომლის წყლითაც მარაგდება თბილისის მოსახლეობა, არ უნდა გადაადგილდებოდეს დამამზადებლების ტექნიკა და ნავთობპროდუქტების ნარჩენები სასმელ წყალში არ უნდა ირეცხებოდეს.

"მდინარე არაგვის და ივრის წყალშემკრებ აუზებს და მათ ეკოლოგიურ მდგრადობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს ორი მდინარე ამარაგებს სასმელი წყლით დედაქალაქის მზარდ მოსახლეობას და ამ მდინარეებიდან ირწყვება მცხეთისა და საგარეჯოს მიწები" , – აცხადებს CENN-ის რეგიონული კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთში, გიორგი იორამაშვილი.

მისი თქმით, ამ მდინარეების აუზებში არსებულ ტყეებზე განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მოდის, რადგან გაცემულია გრძელვადიანი ლიცენზიები, მრავლადაა სოციალური ტყეკაფები და აქედანვე გაიცემა თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური მოთხოვნა 5,000 კუბურ მეტრზე".

"თუ ეს ტენდენცია კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა და ამ მდინარეების კალაპოტებს სათავეებამდე ჩეხვით ავყევით, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი პირველადი ტყეები, შეიძლება ეკოსისტემების დეგრადაციისა და ტყის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის დასუსტების გამო თბილისს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნას. ასევე მოიმატებს მეწყერების საფრთხე და მდინარის ინერტული ჩამონატანი, რაც კალაპოტების აწევას გამოიწვევს", - განაცხადა გიორგი იორამაშვილმა.

CENN-ის ინფორმაციით, აღნიშნული მდინარეების ქვემო წელში არსებობს სიონის და ჟინვალის ჰესები, რომლებმაც კალაპოტების დახრილობა მნიშვნელოვნად შეამცირა და ჩამონატანი მასის აკუმულირება უკვე ზემო წელში ხდება. ტყეების არასწორმა ექსპლუატაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაპირებთან მცხოვრებ მოსახლეობას და ეკომიგრანტებად აქციოს.