"ფრონტერა" ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს

წინამდებარე წერილს გწერთ, რათა შესწორება შევიტანოთ თქვენს მიერ საჯაროდ 2016 წლის 5 თებერვალს სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებულ არასწორ განცხადებებში. თქვენი ეს ინტერვიუ შეეხებოდა ატლანტიკური საბჭოს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშს "დასავლური ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა". თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ:

• ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ: "ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია". ეს არ არის სიმართლე. მაგალითისთვის, აშშ-ს მთავრობის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს.

• თქვენ ასევე განაცხადეთ, თითქოს ბუნებრივი გაზის რესურსების მოცულობის შესახებ ფრონტერას შეფასების "დასამტკიცებლად არის მილიარდობით ინვესტიციები განსახორციელებელი". ეს არის მცდარი და უბრალოდ არასწორი ინფორმაცია. ხმელეთზე ნავთობისა და გაზის საძიებო ოპერაციების განხორციელება უაღრესად ეფექტურად არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი გეოგრაფიულად ისეთ ხელსაყრელ ადგილზე, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოა. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს აშშ-ს შიდა სახმელეთო ბუნებრივი გაზის სექტორი, რომელმაც უკანასკნელ წლებში აშშ ბუნებრივი გაზის მსოფლიოს ყველაზე დიდ მომპოვებლად აქცია. მთელს მსოფლიოში ძალზედ რთულია გამოინახოს რომელიმე ისეთი სახმელეთო ნავთობისა და გაზის პროექტი, რომელსაც, თქვენი თქმით, "მილიარდობით" ინვესტიცია დასჭირდებოდა "დასამტკიცებლად". თქვენი ეს 2 განცხადება რეალური მდგომარეობის შესატყვისი არ არის და არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.

• იმავე ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, თითქოს ფრონტერას და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულება "ყოველწლიურად ახლდება". ეს უბრალოდ არასწორი განცხადებაა. თავად მოგეხსენებათ, რომ ფრონტერას და საქართველოს სახელმწიფოს შორის არსებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება და არანაირ ყოველწლიურ განახლებას არ საჭიროებს. სწორედ მისი გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება გახდა ფრონტერას მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების საფუძველი, რაც მოიცავდა ათასობით კილომეტრ 2-განზომილებიან და 3- განზომილებიან გეოფიზიკურ კვლევებს და ანალიზს, ათიათასობით მეტრ ახალ ბურღვას. ამ სამუშაოების წყალობით მოხერხდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსის გამოვლენა. მეტიც, ამან კიდევ უფრო გაამყარა ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორისადმი ჩვენი მრავალწლიანი ერთგული დამოკიდებულება.

ნებით თუ უნებლიედ, თქვენმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ეჭვი და გაურკვევლობა გამოიწვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი სიცხადეს შემოიტანს. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და ამ ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ფრონტერა ამაყობს, რომ საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქეს წარმოადგენს და ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება ისარგებლოს თავისი ქვეყნის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსების ათვისებით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზის სექტორის ზრდა გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას, მისცემს რა ქვეყანას საშუალებას გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსები არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც. ატლანტიკური საბჭოს ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ნათქვამია: "დღეს საქართველოს სჭირდება მხარდამჭერი ლიდერები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სამინისტროში, რომელთა სამთავრობო პოლიტიკის პრინციპები იქნება ქვეყნის კარის გახსნა ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის, საკუთრების უფლებების დაცვა, ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისთვის მიწოდების და ექსპორტის ხელშეწყობა. ქვეყანას ასევე სჭირდება გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა – ამ ყველაფრის გარეშე უცხოური ინვესტიციები ძალზე შეზღუდული დარჩება". დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სიტყვები გათვალისწინებული იქნება და საქართველოს მოსახლეობის ნათელ ეკონომიკურ მომავალში თავის წვლილს შეიტანს.

იხილეთ წერილის ორიგინალი