1 აპრილიდან "ვისოლგაზი" თელავსა და კახეთის ზოგიერთ სოფელში გაზის ტარიფს აძვირებს

1 აპრილიდან ,,ვისოლგაზი” თელავსა და კახეთის რეგიონის ზოგიერთ სოფელში კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას 11 თეთრით აძვირებს.

გაზის ტარიფი 48 თეთრიდან 59 თეთრამდე იზრდება.

,,ვისოლგაზმა” მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება იანვრიდან დაიწყო. ტარიფის ზრდას, ბუნებრივია, ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. ჰქონდა თუ არა ,,ვისოლგაზს” ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდის უფლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე?! ამ საკითხზე ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია ტარიფებს გაზის სექტორისთვის 2007 წლიდან აღარ ადგენს.

"სამწუხაროდ, უნდა ავხსნათ, რომ გაზის სექტორი ტარიფების ნაწილში დერეგულირებულია. ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულებით, გაზის სექტორისათვის ტარიფებს მარეგულირებელი კომისია აღარ ადგენს", - აღნიშნავს ენერგოომბუდსმენი.

ვარდიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ მთავრობამ ან მარეგულირებელმა კომისიამ ,,ვისოლგაზზე” რაიმე ტიპის საზედამხედველო პოლიტიკა განახორციელოს.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კომპანიას ტარიფის კორექტირების უფლება აქვს”, - აღნიშნავს ვარდიაშვილი. მისი თქმით, "ვისოლგაზმა” მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით, დროულად, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.

ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონალური თანაშემწე სოფიო აივაზაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ტარიფის ცვლილება ეხებათ მხოლოდ 2008 წლის შემდეგ გაზიფიცირებულ აბონენტებს.

მისი თქმით "ვისოლგაზმა” მოსახლეობისთვის სპეციალური ბუკლეტების დარიგება იანვრიდან დაიწყო და საინფორმაციო შეტყობინებების დარიგებას კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს.

რამდენად სრულად არის ინფორმირებული ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალებითაც ვცდილობთ მოსახლეობას ეს ინფორმაცია მივაწოდოთ”, -  აღნიშნავს სოფიო აივაზაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე