ზურაბ მელიქიშვილი - ლარი წვალობს და ეს ხელისუფლების ბრალია

ლარი წვალობს და ეს პირდაპირ ხელისუფლების ბრალია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი კი 25%-ით შემცირდა.

მისი თქმით, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც 100 მილიონით გაირღვა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია.

"სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები არათუ გვარდება, არამედ ღრმავდება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები - ყველაფერი ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების პარალელურად ხდება და ამავდროულად ხელისუფლება ამბობს, რომ მათ რუსულ ბაზართან ურთიერთობა "დალაგებული" აქვს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები რეალურ საქმეს დაშორებულია და ის როგორც ადგილობრივ პოტენციურ ინვესტორებს შორის, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის უარყოფით მოლოდინს აჩენს", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ ექსპორტი და ინვესტიციები შემცირებულია, ლარის კურსზე პირდაპირ აისახება, ხოლო იმპორტის შემცირება პირდაპირ სამუშაო ადგილებს ურტყამს.

"ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და არც ძალუძს, რომ აღნიშნული პრობლემები დაძლიოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, რეალურად გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს და მოქალაქეებს ამით გამოწვეულ ტვირთს შეუმსუბუქებს", - განაცხადა მელიქიშვილმა.

ზურაბ მელიქიშვილის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.