მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ყვარელსა და საგარეჯოში გაიმართება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში გრძელდება.

ხვალ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა ყვარელსა და საგარეჯოში გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყველა რეგიონს ესტუმრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა საკითხს დეტალურად გააცნობენ.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას.

ბიზნეს იდეის წარდგენა 31 მარტამდეა შესაძლებელი.