GWP - გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ პრივილეგიებით არ ისარგებლონ

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დღეს გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ არ ისარგებლონ პრივილეგიებით სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით.

"ამ ორგანიზაციებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ იმავე ტარიფით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, მით უმეტეს, რომ ტარიფი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში.

კომპანიის მენეჯმენტის აზრით, აბანოებისთვის ადრე ზეპირსიტყვიერად დაწესებული ტარიფი დღეს ადეკვატური აღარ არის და ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს დანარჩენი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მსგავსად უნდა დაემორჩილონ", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაში.

ექვსი აბანოს ხელმძღვანელებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი აბანოთუბნის გაუქმების და აბანოების მუშაობის შეწყვეტის საფრთხეზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ტარიფზე გადასვლით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებმა აბანოებს არაგონივრულად მაღალი გადასახადი დაუწესა.

"ბახმაროს", "ჯორჯიან სპას", "შაკოს", "ჭრელი აბანოს" და "ნარიყალას" ხელმძღვანელებმა საკითხის მოგვარების თხოვნით სხვადასხვა სამინისტროსა და პარლამენტს მიმართეს.