გიორგი ქადაგიძე - საგარეო ფაქტორებს ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, თუმცა, მთავარია, როგორ უპასუხებს გამოწვევებს ქვეყანა

საგარეო ფაქტორებს ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, თუმცა, მთავარია, როგორ უპასუხებს გამოწვევებს ქვეყანა , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში ლარის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი გზა, შეგვიძლია მუდმივად ვისაუბროთ საგარეო ფაქტორებზე, მუდმივად ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, საბერძნეთის კრიზისზე და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ, ან არის მეორე გზა – ჩვენ გაათმაგებული ენერგიით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, გავაანალიზოთ ის შეცდომები და წარმატებები, რომელიც გვქონდა, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ უპასუხებს გამოწვევებს ქვეყანა. "ჩვენ ვართ პატარა, ღია ტიპის ეკონომიკა, საგარეო ფაქტორებს ყოველთვის აქვს გავლენა, ადგილი ექნება მომავალში. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, როგორ ვპასუხობთ საგარეო ფაქტორებზე, როგორი პოლიტიკა გვაქვს და როგორ ვპასუხობთ. ეს არის გადამწყვეტი, თუ რამდენად წარმატებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.