"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების საკითხზე ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა, შეხვედრაზე "საგადასახადო კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არის "საგადასახადო კოდექსში". ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები "საგადასახადო კოდექსის" დახვეწასთან დაკავშირებით. მოგების გადასახადის გარდა, არის სხვადასხვა თემა. ალბათ, ბევრი ადამიანისგან გაგიგიათ შემოწმებების პრობლემებთან დაკავშირებით, ბიუროკრატიასთან, დარიცხვებთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ამ საკითხზე მოვისმინეთ პრემიერის მოსაზრებები და ბიზნესმენების და პრემიერის შეხედულებები თანხვედრაშია. ჩვენი ხედვაა, რომ მაკონტროლებელი ორგანოები იყვნენ უფრო ბიზნესზე ორიენტირებულნი, საგადასახადო შემოწმების პროცესში არ შეუშალონ ხელი ბიზნესის მსვლელობას, ნაკლები იყოს ბიუროკრატია, იყოს მეტი პასუხისმგებლობა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და იცოდნენ, რომ ისინიც აგებენ პასუხს, თუ არასწორ რამეს გააკეთებენ", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მან კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც გუშინ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გაჟღერდა.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ლექსო ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა, მთავრობიდან მომდინარე ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან ერთად განიხილებოდეს.

"მთავარი ამოცანა დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, "საგადასახადო კოდექში" ინიცირებული ცვლილება მოგების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ეკონომიკის ზრდისთვის", - განაცხადა ალექსიშვილმა.