„საქართველოს შეუძლია იქცეს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად“

PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკის დამფუძნებელს, დიმიტრი ტვილდიანს უმასპინძლა.

როგორ განვითარდა აღნიშნული სამედიცინო ბიზნესი და  როგორ აპირებს დიმიტრი ტვილდიანი ამერიკაში მოღვაწე კვალიფიციური ექიმების საქართველოში ჩამოყვანას, ამის შესახებ გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

- თქვენ ხართ ექიმი, არშემდგარი მუსიკოსი, ამავდროულად გაქვთ მესამე პროფესიაც - მენეჯერი და მართავთ თქვენივე დაფუძნებულ ბიზნესს. როგორ გადადგით ნაბიჯი ექიმობიდან ბიზნესამდე?

- ძალიან მარტივად. 1988 წელს ჩემი ხელფასი 9 დოლარამდე რომ დაეცა, მივხვდი, რომ კარდიოლოგიის ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების გამგეობა არ იყო ის, სადაც უნდა ვყოფილიყავი. შესაბამისად, დავიწყე სხვა გზების ძიება. სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით, ამერიკაში აღმოვჩნდი. ეს იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელ კარდიოლოგთა ჯგუფი მოვიდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში და მე როგორც თარჯიმანი, ვაჩვენებდი ჩვენ ინსტიტუტს. ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმა შემომთავაზა, რომ ჩავსულიყავი და მისი კლინიკა დამეთვალიერებინა. ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი იყო - წარმოუდგენელი მეგონა ამერიკაში ოდესმე თუ მოვხვდებოდი. მაგრამ აღმოვჩნდი იქ და მაშინ გავიგე, რომ ამერიკას აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც უცხოეთში განათლებამიღებულმა ექიმებმა შეიძლება ჩააბარონ სალიცენზიო გამოცდა და მერე მოხვდნენ ამერიკაში, რეზიდენტურის პროგრამაში, სადაც მათი დახელოვნება მოხდებოდა, როგორც კლინიცისტების. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩამოვიტანე სამედიცინო პროგრამები, ამ სალიცენზიო გამოცდის მასალები, წიგნები, დავაარსეთ ექიმთა უცხოეთში სპეციალიზაციის ფონდი და მოვიზიდეთ მთელი საქართველოს ახალგაზრდა ექიმები, ვისაც უნდოდა, რომ ეს გამოცდა ჩაებარებინა. 300-ზე მეტი მსურველი მოვიდა, იმეცადინეს. როდესაც შესარჩევი გამოცდა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ 300-დან მხოლოდ ცხრამ შეძლო ამ გამოცდის ჩაბარება.

- საგანმანათლებლო-სამედიცინო ბიზნესში საწყისი კაპიტალი რა იყო?

- ეს იყო 10 ათასი დოლარი, რომელიც წიგნებში დაიხარჯა და დაახლოებით, კიდევ 40 ათასი დოლარი, რომელიც გივი გაბლიანმა გვაჩუქა სამედიცინო სახელმძღვანელოების, ვიდეომასალებისა და სხვადასხვა თვალსაჩინოებების სახით.

- აბიტურიენტების ნდობა რამდენად სწრაფად მოიპოვეთ? ბევრი შეკითხვა არსებობდა. შეიძლება მოვიდე, მივიღებ განათლებას, შემდეგ ჩემი დიპლომი იქნება თუ არა აღიარებული და ასე შემდეგ.

- ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა მამაჩემის ავტორიტეტი. მამაჩემის მეგობრები, ცნობილი აკადემიკოსები და საქართველოს ყველა წამყვანი სპეციალისტი გვერდში დაგვიდგა. პროფესორ-მასწავლებლების ისეთი კოჰორტა შეიქმნა, უნდობლობა შეუძლებელი იყო. მათ შორის იყო ქალბატონი თამარ დეკანოსიძე, ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი, ნუგზარ ტატიშვილი, არჩილ ასათიანი - ანუ ყველა წამყვანი სპეციალისტი დიდი ენთუზიაზმით ამოგვიდგა მხარში და დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ეს წიგნები მოეყვანა ისეთ შესაბამისობაში, რომელიც მისაღები იქნებოდა ჩვენი სტუდენტებისთვის.

- იმ პერიოდში სახელმწიფო სასწავლებელში იყო შემთხვევები, როდესაც ჩასაბარებლად იხდიდი ერთიან თანხას, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები საკუთარი ცოდნისა და უნარების წყალობით აბარებდნენ. თქვენი უნივერსიტეტის შემთხვევაში სწავლის საფასურს იხდიდი. რამდენი იყო მაშინ სწავლის საფასური და ამას როგორ შეხვდნენ მსმენელები?

- მაშინ სწავლის საფასური იყო დაახლოებით 500 დოლარის კოეფიციენტი, რაც სასაცილო თანხაა. შედარებისთვის გეტყვით, ამერიკაში იმავე კურსის ღირებულება 65-70 ათასი დოლარია წელიწადში. ჩვენთან 500 დოლარი იყო და თან, საუკეთესო სტუდენტებს ვათავისუფლებდით გადასახადისგან. ზოგს 100%-ით ვუფინანსებდით სწავლის ღირებულებას, ზოგს 75%-ით, ზოგს 50% -ით იმის მიხედვით, როგორი მოსწრება ჰქონდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, სერიოზული მოტივაცია შევუქმენით იმის გამო, რომ აქ თანხაზე ძირითადად ლაპარაკი არ იყო. მინდა დავიტრაბახო, რომ სწორედ იმ პირველი გამოშვებიდან ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებული დღეს არის მსოფლიოში ცნობილი კლივლენდ ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი - ნანა კობა ივანოვა არის ასეთი არაჩვეულებრივი გოგონა. კიდევ ერთი ამ კურსიდან არის ფილადელფიის მთავარი ფსიქიატრი, მომდევნო კურსიდან კიდევ ერთი არის კოლუმბუსის მთავარი პედიატრი და ასე შემდეგ. ჩვენი კურსდამთავრებულები ძალიან წარმატებულები არიან ამერიკაში.

- რამ განაპირობა ეს წარმატება. რა იყო წარმატების მთავარი განმაპირობებელი?

- მთავარი განმაპირობებელი იყო ის, რომ მაზანდა თავიდანვე მაღლა გვეჭირა. არავის მივეცით უფლება, დაემთავრებინა ინსტიტუტი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ შემოვიდა. სამედიცინო საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის, რომ დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ყველა კარგად მომზადებულია. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც. პრაქტიკული ცოდნა შემდეგ მათ უკვე კლინიკაში უნდა მიიღონ, რეზიდენტურის პროგრამაში. ამოსავალი წერტილი სწორედ ის იყო, რომ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დავაწესეთ თავიდანვე.

- შემდეგი ნაბიჯი იყო ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა...

- დიახ, ეს შუალედური ნაბიჯია. ჩვენი მთავარი მიზანია დიდი საავადმყოფოს გაკეთება, ამერიკული ჰოსპიტალის გაკეთება, სადაც ჩვენ მიერ მომზადებული, ამერიკაში დახელოვნებული ექიმები ჩამოვლენ და დაიწყებენ მუშაობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი 150-ზე მეტი კურსდამთავრებული მუშაობს უკვე აშშ-ში, სულ სხვადსხვა დისციპლინებში, ისინი არიან ძალიან მაღალი რანგის ექიმები, რომელთა უმრავლესობა მზად არის დღესვე წამოვიდეს საქართველოში, თუ მათ შესაბამისი სამუშაო პირობები ექნებათ.

- ჩემს გადაცემაში არაერთი ბიზნესმენი მყოლია და ასეთი შკითხვა მაქვს ყველასთან: ახლა რომ იწყებდეთ ბიზნესს, სად დააბანდებდით კაპიტალს. საკმაოდ ხშირად, ჩემს სტუმრებს უპასუხიათ - სამედიცინო სექტორში. ამ დროს გარეშე ადამიანისთვის თითქოს ეს ბაზარი მთლიანად ათვისებულია. არსებობს უამრავი კერძო კლინიკა, ბევრი ფარმაცევტული ორგანიზაცია, როგორც მწარმოებელი, ასევე რეალიზატორი. თქვენ საკმაოდ საინტერესო და პრობლემატურ თემებზე საუბრობთ და ამ ყველაფერში იკვეთება ის, რომ რეალურად, არსებობს მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე, სერვისზე მედიცინაში. ბაზარი ბოლომდე არ არის ათვისებული?

- იმ გარემოებების გამო, რომლებიც დღეს სამედიცინო ბიზნესშია, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბოლომდე ბაზრის ათვისება არასდროს მოხდება. პრაქტიკულად, დღეს მედიცინას მთლიანად აფინანსებს მთავრობა. ეს არაჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლად მომართული უნდა იყოს დიდი ძალიხმევა იქით, რომ ეკონომიკაც განვითარდეს, თორემ ეკონომიკის განვითარების გარეშე, როდემდე შეძლებს მთავრობა ჯანდაცვის მხრივ მთლიანად დაფინანსებას, მე არ ვიცი. იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს ისეთი განვითარებული ქვეყნებიც, როგორიცაა ამერიკა, იაპონია, გერმანია და ასე შემდეგ. აუცილებელია, მოხდეს ეკონომიკის განვითარება. თქვენ რომ მეკითხებით, რომელ ბიზნესში ჩავდებდი მე ფულს, ჩავდებდი იმაში, რაც ვიცი და ვიცი მედიცინა.

- რამდენად აუცილებელია კარგად იცოდე ის საქმე, რომელსაც შემდეგ მართავ?

- აუცილებელი არ არის. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ექიმები სხვა ბიზნესში წავიდნენ, შეისწავლეს სხვა ბიზნესი, არსებობენ ბანკირებიც, მუშაობენ სხვადასხვა სავაჭრო კორპორაციებში და ასე შემდეგ, მაგრამ როცა იცი გარკვეული საქმე და როცა ხედავ ძალიან დიდ საჭიროებას იმისას, რომ რაღაცა მარტო ბიზნესზე კი არ იყოს ორიენტირებული, არამედ ქვეყნისთვის გამოსასწორებელი იყოს, გაცილებით საინტერესოა ამ ბიზნესში ინვესტირება. თუმცა, შეიძლება ეს გაცილებით რთული და ნაკლებად მომგებიანი იყოს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბიზნესში.

- საინტერსოა, რით განსხვავდება სამედიცინო ბიზნესი უცხოეთში, თუნდაც ამერიკაში იმ ბიზნესისგან, რომელიც დღეს საქართველოშია განვითარებული?

- განსხვავება ძალიან დიდია. იმიტომ, რომ ამერიკაში სამედიცინო ბიზნესს აქვს რამდენიმე დიდი რგოლი. პირველ რიგში, ეს არის დაზღვევა, რომელიც ძალიან ბევრნაირი არსებობს, არსებობს სახელმწიფო უმწეობის დაზღვევა, ხანშიშესულთა დაზღვევაც, ქრონიკული დაავადებების დაზღვევაც, კიდევ ბევრი სხვადასხვანაირი კერძო და სოციალური დაზღვევები, რომლებიც ცალკე რგოლია. რა თქმა უნდა, შემდეგი რგოლი არის უკვე თვითონ სამედიცინო სერვისის მიწოდება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კლინიკები, ქირურგიული, ამბულატორიული კლინიკები, დიდი ჰოსპიტლები და ასე შემდეგ. ეს ყველგან მომგებიანია იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია და საკუთარი ჯიბიდან თუ სახელმწიფოს ჯიბიდან არავინ იკავებს თავს დანახარჯებზე. შესაბამისად, ეს ის ბიზნესია, რომელიც მუდმივად იმუშავებს. თან ძალიან კარგი ბიზნესია მორალურადაც. თქვენ როცა ხედავთ, რომ პაციენტს შვება მიეცით, ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ამას არაფერი შეედრება.

- ჩემს შემდეგ შეკითხვამდე თავად მიხვედით. თქვენ ხართ კარდიოლოგი. არ გწყდებათ გული, რომ დღეს პრაქტიკოსი ექიმი აღარ ხართ და მთლიანად მენეჯმენტით ხართ დაკავებული?

- იმაზე უფრო მწყდება გული, რომ სამეცნიერო საქმიანობას ვეღარ ვეწევი. ჩემი ყველაზე ბედნიერი წლები იყო, როდესაც სამეცნიერო საქმიანობაში ვიყავი ჩართული და ვიცოდი რაღაცა ისეთი, რაც ჩემს გარდა მსოფლიოში არავინ იცოდა. გარკვეული გამოგონებები და აღმოჩენები მაქვს გაკეთებული თავის დროზე. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. პრაქტიკაც ძალიან კარგია.

თუ მკითხვათ, ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი, გიპასუხებთ: მაშინ, როდესაც ჩემთან მოიყვანეს პატარა ბავშვი, რომელსაც მანკის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და მშობლები აკავებდნენ, რომ ბურთი არ ეთამაშა. ექოსკოპიურად რომ ჩავხედე და დავინახე, არაფერი იყო, ვუთხარი, წადი, შვილო ბურთი ითამაშე-მეთქი. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, როცა დავინახე, რამხელაზე შეხტა ის ბავშვი ჩემი ნათქვამის შემდეგ.

- თუმცა, არის რაღაცები, რაზეც საქმის გამო უარის თქმა გიწევთ. ასევე საინტერესოა ისიც, ბიზნესში ხშირად გონების კარნახით უნდა იმოქმედო ადამიანმა და არა - გულის კარნახით. ეს ერთმანეთს თუ უშლის ხოლმე ხელს, ერთი მხრივ, ექიმის და მეორე მხრივ, ბიზნესმენის ჭიდილი თუ არის თქვენში?

- ერთი კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ალბათ, იცით ხუდადოვის ტყე. საინტერესოა, როგორ გაჩნდა ხუდადოვის ტყე. ხუდადოვი იყო ექიმი, რომელიც მკურნალობდა ძირითადად რკინიგზის მუშებს. მაგრამ მასთან მიდიოდა ის ხალხიც, ვინც მუშები არ იყვნენ და თუ მათ მკურნალობის ფული არ ჰქონდათ, ხუდადოვი მკურნალობდა, ოღონდ ავალდებულებდა 2 ან 3 ხე დაერგოთ. ასე გაჩნდა ხუდადოვის ტყე.

- მერია თქვენთან უნდა გამოვუშვათ, იქნებ დარგონ ხეები.

- სამედიცინო ბიზნესი სწორედ იმით განსხვავდება სხვადასხვა ბიზნესისგან, რომ აქ არ არის ლტოლვა, რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვო. აქ მორალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ თავიდანაც, სამედიცინო ინსტიტუტში მინიმალური გადასახადი დავაწესეთ და მათ, ვინც კარგად ისწავლიდა, გადასახადისგან საერთოდ ვათავისუფლებდით. ჩვენ ვაფინანსებდით მათ წასვლას ამერიკაში, მათ გამოცდაზე გასვლას - ეს ფაქტები უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მიზნად არ გვქონდა ბევრი ფული გვეშოვა. თუმცა, კარგად აწყობილ საქმეში ამ მორალურ მხარესთან ერთად ფინანსური ინტერესიც ჩნდება. ასე რომ, ეს ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული სამედიცინო ბიზნესში.

- გადაცემის დაწყებისას ვთქვი, რომ არშემდგარი მუსიკოსი ხართ. გაქვთ საყვარელი საქმე, რომელზეც უარის თქმა გიწევთ ამჟამინდელი საქმიანობის გამო?

-არა, თქვენ წარმოიდგინეთ, არა გარდა იმისა, რომ სამეცნიერო სამუშაოსთვის აბსოლუტურად აღარ მრჩება დრო. თორემ ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობდით. ეს ჯერ კიდევ მამაჩემმა დაიწყო. ჰელიოკარდიოლოგია არის ასეთი განხრა, რომელშიც მზის და დედამიწის მაგნიტური გამოსხივების გავლენა ისწავლებოდა გულსისხლძარღვთა სისტემაზე და ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა. მაქვს იმისი იმედი, რომ ერთ დღეს ისევ განვაახლებთ ამას და ჩავერთვებით დიდი სიამოვნებით.

- თქვენ თქვით, რომ თქვენი საბოლოო მიზანი ქართულ-ამერიკული ჰოსპიტალის აშენებაა. საკმაოდ დიდი ხანია, როგორც ვიცი, გაქვთ ეს იდეა. იქნებ კონკრეტულად მითხრათ, რა უშლის ხელს ამ იდეის განხორციელებას?

- არის გარკვეული წინაპირობები, რომლებიც უშლის ხელს. ძალიან რთული მოსაძებნია ქალაქში მიწა. სადაც არის, იქაც გარკვეული მორიგებაა საჭირო სხვადასხვა მეპატრონესთან და ახლაც მაგ პროცესში ვართ. ამას გარდა, ჩვენ არ გვინდა გავაკეთოთ ჩვეულებრივი ჰოსპიტალი, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ძალიან თანამედროვე, კარგად აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც შეესაბამება ჩვენი ამერიკაში დახელოვნებული ექიმების კვალიფიკაციას. ამას სოლიდური თანხაც სჭიდება, კარგი მინეჯმენტი, და ახლა სწორედ იმ პროცესში ვართ, როდესაც ამ ყველაფერს ვაგვარებთ და იმედი მაქვს, რომ წელს უკვე დაიწყება მშენებლობა ერთ-ერთი ამ ჰოსპიტლის პროექტიდან. რამდენიმე ნაწილისგან შედგება და ერთ-ერთ დიდ ბლოკს აეროპორტის მიმდებარე ტრიტორიაზე, წელს ალბათ ჩაეყრება საფუძველი და დაიწყება. თუმცა, მისი შემდგომი ეტაპები იქნება ქალაქში.

- თქვენ ბაზარზე მაღალი, განსხვავებული სერვისით შემოდიხართ, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ფასებიც მაღალი იქნება სამედიცინო მომსახურებაზე დღეს არსებულთან შედარებით?

- არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე დღევანდელი ფასებია. თუმცა, დღეს ფასებს, პრაქტიკულად, მთლიანად ანაზღაურებს სახელმწიფო. ასე რომ, იქაც მომატებული ფასებიდან შეიძლება რაღაცა ნაწილის გადახდამ მოუწიოს პაციენტს, მაგრამ ძირითადად, ისიც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ორინეტაცია უცხოელ პაციენტებზე გავაკეთოთ. ისინიც მოვიწვიოთ აქეთ და საქართველოს მივცეთ ერთგვარი ჰაბის ფუნქცია, სადაც პაციენტების მოზიდვა მიმდებარე რეგიონებიდან მოხდება, დაახლოებით ისე, როგორც დღეს ხდება თურქეთში. რუსულად მოლაპარაკე ქვეყნებისთვის, მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩრდილოეთ კავკასიაც, გაცილებით ხელსაყრელი და მისაღები იქნება, თუ საქართველოში ჩამოვლენ და დაელაპარაკებიან პერსონალს, რომელიც უფრო მაღალი კვალიფიკაციის იქნება, ვიდრე ეს თურქეთის საავადმყოფოებშია. და თან ეს პერსონალი რუსულად მოლაპარაკე იქნება. ამავე დროს, ამ ჰოსპიტლის მთავარი აზრი ბიზნესი არ არის, მთავარი არის ის, რომ ეს ჰოსპიტლები შემდეგ უნდა გახდეს სასწავლო ცენტრი მომავალი თაობებისთვის. იმის მაგივრად, რომ ისევ ამერიკაში გავუშვათ რეზიდენტურაში მომავალი თაობები, ჩვენ გვინდა ისინი ამ საავადმყოფოებში დავახელოვნოთ და ეს მოხდება არა მარტო ამერიკიდან ჩამოყვანილი ექიმების მონაწილეობით, არამედ იმ ექიმებისაც, ვინც დღეს საქართველოში საქმიანობს.

- რა გარანტია გაქვთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი ექიმები ჩამოვლენ და აქ იმუშავებენ?

- გარანტია პირველ რიგში არის ის, რომ ეს იქნება ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ჰოსპიტალი. იქ მთელი პერსონალი ამერიკული სტანდარტების შესაბამისი იქნება. მათ შორის, ექთნები, რომელთა მომზადებასაც ახლა ვიწყებთ და ორი წლის შემდეგ უკვე გვეყოლება ექთნების პირველი თაობა, რომელიც ამერიკულ სტანდარტებს შეესაბამება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმები უკვე გვყავს და ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე იმიტომ, რომ ვერანაირი ფულით სწრაფად ექიმს ვერ მოამზადებ. ამას დრო სჭირდება და ეს დრო ჩვენ უკვე გამოვიყენეთ.

ჩვენს ირგვლივ ქვეყნები ჩვენ უკვე ჩამოგვრჩებიან 25 წლით მაინც. რატომ წამოვლენ? იმიტომ, რომ ექნებათ ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც იქ, ხელფასიც ექნებათ სოლიდური, რაც დაახლოებით შეესაბამება იმას, რაც იქ აქვთ, თავისი მსყიდველობითი უნარით, და რაც მთავარია, ისინი მოდიან თავის ქვეყანაში. თავის ახლობლებთან. ბევრს მოხუცი მშობლები ყავს აქ, რომლებიც მუდმივად ენატრებათ და უცებ გახდებიან საქართველოში საზოგადოების წამყვანი წევრები. მაშინ, როდესაც იქ დაქსაქსულები არიან ხშირ შემთხვევაში, პროვინციულ შტატებში, არიან მარტო და საქართველოს მუდმივად ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებიან.

- იდეა იმისა, რომ შესაძლებელია საქართველო ადრე თუ გვიან იქცეს ერთგვარ სამედიცინო ტურიზმის ჰაბად, სავსებით რეალისტურია?

- აბსოლუტურად.

- მაშინ, რატომ მიდიან დღეს უცხოეთში სამკურნალოდ ქართველი პაციენტები?

- რადგან აქ ის პირობები არ არის, რომ მაღალკვალიფიცირებულმა ექიმებმა გამოიყენონ თავისი ცოდნა. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ საქართველოშიც არის ძალიან ბევრი თვითნაბადი, მაღალი კვალიფიკაციის ექიმი. თუმცა ეს ექიმები მარტო ვერაფერს გააკეთებენ. მედიცინა არის გუნდური თამაში, რომელშიც აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ექიმიც, ოპერატორიც, ტექნიკოსიც, ექთანიც, სანიტარიც და სხვა. ეს მთლიანი გუნდია. ექიმმა რაც უნდა კარგი ოპერაცია გააკეთოს, თუ პაციენტის მოვლას სათანადო დონეზე ვერ შეძლებს მისი დამხმარე პერსონალი, მაშინ ფუჭია ექიმის ძალისხმევა.

- დაბოლოს, გთხოვთ მითხრათ რამდენიმე ოქროს წესი იმისთვის, რომ ადამიანის ნაბიჯები სამედიცინო ბიზნესში წარმატებული იყოს.

- ნებისმიერ ბიზნესს უნდა ძალიან პატიოსანი და სკურპულოზური მიდგომა. შოთა რუსთაველმა თქვა, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსაო. ბიზნესში ეს არის მთავარი.

- საქართველოში დღეს არსებული ბიზნესგარემო იძლევა ამის შესაძლებლობას? ხელისშემწყობია თუ პირიქით, ხელისშემშლელი?

- კი. უდავოდ, იძლევა. საქართველოში როგორც არსად, ისე მუშაობს კარგი სახელი. იმიტომ, რომ მაინც პატარა მარკეტია და როგორც კი კარგ სახელს მოიხვეჭ, ყველაფერი მუშაობს. სამედიცინო საზოგადოებაში სადაც უნდა იკითხოთ, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ექიმები არიან.