თბილისის მერიასთან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას "თბილსერვისის", თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის და თბილისის ბოტანიკური ბაღის გათავისუფლებული თანამშრომლები მართავენ. აქციის მონაწილეები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი გათავისუფლება სხვადასხვა დროს, დაუმსახურებლად მოხდა.

"თბილსერვისის" ყოფილი თანამშრომლები მათ გათავისუფლებას მოთხოვნებს უკავშირებენ, რომლებიც 2015 წლის დეკემბერში გამოთქვეს. კერძოდ, "თბილსერვისის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ითხოვდნენ მათ კუთვნილ ხელფასს, ასევე შვებულების ანაზღაურებას, თუმცა ხელმძღვანელობის მხრიდან მუქარით მოხდა მათი გათავისუფლება.

"ჩვენ ვითხოვდით, რომ ჩვენი კუთვნილი ხელფასი აგვეღო, ასევე შვებულების ანაზღაურება მიგვეღო, თუმცა ეს არ მოხდა ხელმძღვანელობის მხრიდან და გაგვათავისუფლეს 15-მდე თანამშრომელი", - განაცხადა "თბილსერვისის" ყოფილმა თანამშრომელმა.

საპროტესტო აქციას მერიასთან მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვადასხვა პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. კერძოდ, აქციას მერიასთან შეუერთდა - "თავისუფალი პროფკავშირები", "მემარცხენე ალიანსი", "თავისუფალი საქართველო" და ლაშა ჩხარტიშვილი.

აქციის მონაწილეები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ასევე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, სადაც მათი მოთხოვნებია დაფიქსირებული – "შეწყდეს უკანონო დათხოვნები", "გადადგეს ცენტრალური ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია", "აღგვადგინეთ სამსახურში თბილისის დასუფთავების სამსახურის გათავისუფლებული თანამშრომლები".