დიმიტრი ქუმსიშვილი - ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში – აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში

სოციალურ ქსელში ხუმრობაც კი გაჩნდა – აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში , - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო მიღებული, როდესაც კომპანია "ვიზეართან" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, ქუთაისში ორი თვითმფრინავის ბაზირება მოხდება, რაც არის ძალიან კარგი და ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს.

"ეს ნიშნევს, რომ ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ მაღალი პროფესიონალები ამ მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება ევროპის შვიდ ქალაქში და რაც მთავარია, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან "ვიზეარი" არის დაბალბიუჯეტიანი.

"ეს შესაძლებობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში. მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ წლის შუაში ველოდებით უვიზო რეჟიმს ევროპასთან და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული და კარგი შეთანხმება. ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში - აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.