საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყაზახეთის დელეგაციასთან განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რაც არის დღის წესრიგში.

მინისტრის თქმით, ისაუბრებენ იმ ინვესტიციებზე, რომელიც ყაზახეთს აქვს საქართველოში განხორციელებული.

"გუშინ ჩვენ ბათუმის პორტზე და ბათუმის ნავთობტერმინალზე ვისაუბრეთ. დღეს ვისაუბრებთ "ყაზტრანსგაზთბილისზე", ბორჯომის "რიქსოსზე" და იმ დანარჩენ მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს ინვესტიცია აქვს ჩადებული. ჩვენ კიდევ გვინდა შევთავაზოთ არაერთი პროექტი ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.