ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სამი წარმომადგენელი "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს შეხვდა

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სამი წარმომადგენელი "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს და მაღაროს ხემძღვანელობას შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

როგორც შეხვედრაზე მყოფმა, ერთ-ერთმა მეშახტემ დავით ჯავახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მაღაროს ხელმძღვანელობიდან არის შემოთავაზება, რომ მაღაროელები სამუშაოს დაუბრუნდნენ და ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას მათი ხელფასების გაზრდის საკითხზე. მათ მიიღეს პირობა ხელმძღვანელობისგან, რომ სამშაბათიდან აუცილებლად მოხდება ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროფესიული საქმიანობის შესაბამისად.

შეხვედრაზე მყოფმა მაღაროელებმა ადმინიტრაციის დანაპირები გაფიცულებს გაცნეს და მათ სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდეს. მაღაროელების ნაწილი თანახმაა სამუშაოს დაუბრუნდეს, ნაწილი კი ჯერჯერობით თავს იკავებს. ამჟამად გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მისაღებად თათბირობენ.

მაღაროს მენეჯმენტი ადასტურებს გაფიცულებსა და მათ შორის კომუნიკაციას, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მოლაპარაკებები მუშა პროცესშია და არ დასრულებულა.