მთავრობას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შესწორებები შეაქვს

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სასტუმროების ნაწილში დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც მოხდება.

"დღეს, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ - ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ექვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.