გიორგი თაბუაშვილმა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის წევრებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს. შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შედგა, სადაც აღინიშნა, რომ ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება აგრეთვე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას. დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე გასაჯაროვდა "საკანონდებლო მაცნეს" საშუალებით და დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, კითხვა-პასუხი რეჟიმში განიხილეს აღნიშნული ინიციატივა, მათ შორის განაწილებული მოგების გადასახადის ტექნიკური დეტალები. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და კომფორტულს გახდის ბიზნეს წრეების ურთიერთობას საგადასახადო ორგანოებთან - ბიზნეს მინიმალური შეხება ექნება საგამოძიებო სტრუქტურებთან.

კომიტეტის სხდომას, ფინანსთა სამინისტროსა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.