არის თუ არა სამედიცინო ბაზარი ჩვეულებრივი ბაზარი?

ჯანდაცვის სექტორი, როგორც ეკონომიკის დარგი, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება.ეს სპეციფიკა ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს განაპირობებენ. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჯანდაცვის ეკონომიკა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრისაგან. სტატიის მიზანია დავადგინოთ თუ რა განსხვავებაა სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის და რით არის განპირობებული ეს განსხვავება.

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის უილიამ ჰსიაოს მიხედვით, ჯანდაცვა წარმოადგენს “ანორმალურ, პათოლოგიურ ეკონომიკას” (Abnormal economics), ანუ ეკონომიკას, სადაც საბაზრო ძალების გავლენა სერვისების მოცულობაზე, მათ ფასსა და ხარისხზე არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრებისგან” (Hsiao, 1995). სამედიცინო ბაზრის ასეთი განსხვავება ჩვეულებრივ ბაზარზე მოქმედი ანალოგიური ურთიერთობებისაგან განპირობებულია სამედიცინო მომსახურების სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით. იგი უმთავრესად დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთეები”) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებელთა სახსრების გაერთიანებას.

რისკები და გაურკვევლობა

ჩვეულებრივი ბაზრის ერთ-ერთი პირობაა მომხმარებლის გარკვეულობა. ჩვეულებრივ ბაზარზე მომხმარებელი თავისი შესაძლებლობის მიხედვით განსაზღვრავს თუ როდის, სად და რა ფასად იყიდოს საქონელი.

სამედიცინო ბაზარზე, ხშირ შემთხვევებში, წინდაწინ არავინ იცის თუ როდის წარმოიშობა სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა და მიწოდება. მისი წარმოქმნა სავარაუდო ხასიათს ატარებს (Folland, 2010. გვ. 14). მომხმარებლებისათვის გაურკვეველია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო მომსახურების საჭიროება დროის ნებისმიერ პერიოდში. მას არ შეუძლია რაციონალურად დაგეგმოს სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომლის მოცულობა შესაძლებელია მნიშვნელოვანს შეადგენდეს, მისი საჭიროების დადგომის დროს.

გაურკვევლობა ასევე შეინიშნება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მხარესაც. პაციენტებს ექიმების რჩევის გარეშე არ შეუძლიათ განსაზღვრონ არც სამედიცინო მომსახურების საჭიროება და არც მათი მკურნალობის მოსალოდნელ შედეგებზე იციან რაიმე. ექიმებს არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ თუ რა იქნება მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგი.

გარდა ამისა, რადგან სამედიცინო ბაზარზე სამედიცინო მომსახურების უდიდესი ნაწილი ფინანსდება მესამე მხარის (სადაზღვევო კომპანია ან სახელმწიფო) მიერ, და პირდაპირი კავშირი მყიდველსა და გამყიდველს შორის არ არსებობს, “ფასი” სულ უფრო გაურკვეველია და ნაკლებად შეესაბამება ჩვეულებრივ ბაზარზე მყიდველსა და გამყიდველს შორის გარიგებით მიღწეულ ფასს. სამედიცინო მომსახურების ფასი უფრო ნდობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული ქცევის უწყვეტ ურთიერთობებს ემყარება.

ამრიგად, გაურკვევლობა ჯანდაცვის სფეროს გამოკვეთილი მახასიათებელია, რაც განასხვავებს მას ჩვეულებრივი ბაზრისაგან და შესაბამისად, ზრდის სახელმწიფოს როლს ჯანდაცვის სისტემის რეგულირების თვალსაზრისით.

დაზღვევის მნიშვნელობა

სამედიცინო ბაზარზე არსებული გაურკვევლობისა და რისკებისაგან დასაცავად, ავადმყოფობის შემთხვევაში ერთდროული, დიდი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად ადამიანი წინდაწინ ქმნის დანაზოგებს, ან მიმართავს დაზღვევას. ერთი მხრივ, დაზღვევა კეთილდღეობის გაუმჯობესების ეკონომიკური ინსტიტუტია, მაგრამ მეორე მხრივ, დაზღვევა ამცირებს პაციენტის ან ექიმის მისწრაფებას, რომ იპოვნონ მკურნალობის ყველაზე ეკონომიური მეთოდი.

ჩვეულებრივ ბაზარზე, მომხმარებელსა და მიმწოდებლებს შორის გარიგებისას მყარდება პირდაპირი კავშირი. ამისგან განსხვავებით, სამედიცინო ბაზარზე სამედიცინო მომსახურების უდიდესი ნაწილი ფინანსდება დაზღვევისა და გადასახადების მეშვეობით, რის გამოც, პირდაპირი კავშირი მყიდველსა და გამყიდველს, გადახდილ და დახარჯულ რესურსებს შორის არ არსებობს. ფაქტიურად, პაციენტი იზოლირებულია სამედიცინო მომსახურების პირდაპირი ხარჯებისაგან. უმრავლეს ქვეყნებში ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 80-85%-ს იხდის მესამე მხარე - სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანია.

ჩვეულებრივ ბაზარზე საქონლის წარმოებას, დაფინანსებას, და განაწილებას თავად კერძო სექტორი ახორციელებს, ცხადია, სახელმწიფოს მცირე მარეგულირებელი როლით. ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და მიწოდებაში სახელმწიფო უმთავრესი მოთამაშეა. განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის ხარჯებში სახელმწიფო ხარჯების წილი 75%-მდე გაიზარდა.

მომხმარებელსა და მიმწოდებლებს შორის პირდაპირი კავშირის არარსებობა ამცირებს ფასის ეფექტს. დაზღვევა აგრეთვე ცვლის სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნას, რაც თავის მხრივ, ცვლის პროვაიდერთა ქცევას, მათ სტიმულებს.

ინფორმაციის პრობლემა, აგენტური ურთიერთობები

სამედიცინო ბაზარზე, თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა დაკავშირებულია ინფორმაციის სიმწირესთან. სამედიცინო ბაზარზე უმთავრესად ინფორმაცია გააჩნია მხოლოდ ერთ მხარეს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, რაც ქმნის ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემას. ჩვეულებრივ ბაზარზე მომხმარებელი საქონლის მახასიათებლების, მათი ფასების მიხედვით დამოუკიდებლად წყვეტს, თუ რა შეიძინოს ბაზარზე.

სამედიცინო მომსახურება ძლიერ სპეციალიზირებულია. პაციენტი საკმარის ცოდნას და ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის რთულია იმის გარკვევა, თუ როდის გახდება ავად, რა სამედიცინო მომსახურებას და რა მოცულობით საჭიროებს. ამრიგად, პაციენტი იშვიათად ირჩევს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რადგან მის მიერ გაკეთებული არჩევანი შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს საკუთარი ჯანმრთელობისათვის.

პაციენტს უძნელდება შეაფასოს მიღებული სამედიცინო მომსახურების შედეგი და ხარისხი, რადგან არ შეუძლია განსაზღვროს მისი ზუსტი კრიტერიუმები. ასევე, პაციენტებმა არ იციან სამედიცინო მომსახურების რომელი სახეა მათთვის ყველაზე ეფექტური, რომელი ექიმი ან საავადმყოფოა მათთვის საუკეთესო. ამგვარად, პაციენტი არ ფლობს ისეთი სახის ცოდნას, რომლითაც განახორციელებდა ექიმის რაციონალურ არჩევანს და შესაბამისად მიიღებდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ამ მხრივ, ბევრი რამ არის დამოკიდებული მკურნალი ექიმის მიმართ ნდობაზე. თუმცა, მას არ შეუძლია გაზომოს ექიმის პროფესიონალური საიმედოობა. პაციენტის ინფორმაციულობა უმთავრესად წინა მკურნალობით მიღებული გამოცდილებით, ან სხვა მომხმარებლების აზრით, ან ექიმთა თვალსაზრისით განისაზღვრება.

პაციენტი მთლიანად, ან ნაწილობრივ დამოკიდებული ხდება ექიმზე, როგორც აგენტზე. ექიმი გვევლინება როგორც პაციენტის მრჩეველი, მისი ინტერესების გამომხატველი ე. წ. ინფორმირებული აგენტი. შესაბამისად, ექიმი გვევლინება არამარტო სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი, არამედ მოთხოვნის განმსაზღვრელიც. ასეთ მოვლენას საშუამავლო, ანუ აგენტური ურთიერთობები ეწოდება.

ექიმებს გარდა პაციენტთა მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებისა, გააჩნიათ ეკონომიკური ინტერესები, რაც ქმნის მომსახურების ჭარბი მოცულობით გაწევის პოტენციურ პირობებს. ეკონომიკური თეორიის მიხედვით ასეთ სიტუაციას მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა, ანუ მიმწოდებლის მიერ სტიმულირებული მოთხოვნა ეწოდება. შედეგად, ექიმი არ არის პაციენტისათვის სრულყოფილი აგენტი. ზოგ შემთხვევებში იგი უარყოფითად იყენებს მის განსაკუთრებულ როლს, განსაზღვროს მოთხოვნილება საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

არამომგებიანი ორგანიზაციის დიდი როლი

ჩვეულებრივ ბაზარზე საწარმოები ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური მოგება. ამისგან განსხვავებით, სამედიცინო მომსახურების ბევრ მიმწოდებელს აქვს არამომგებიანი, არაკომერციული სტატუსი. იგივე შეიძლება ითქვას სადაზღვევო კომპანიებზეც.

იხილეთ გაგრძელება

ავტორი: თენგიზ ვერულავა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)